
საბერძნეთის
მიწაზე ისე, როგორც არსად მთელს მსოფლიოში, თავმოყრილია უამრავი ისტორიული
და კულტურული ძეგლი. მათი თუნდაც სწრაფად დათვალიერებისთვის წლებია
საჭირო. საბერძნეთი, ეს არის უძველესი ანტიკური ცივილიზაციის სამშობლო,
ქრისტიანობის ერთ-ერთი ცენტრი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო
რაიონი. საუკეთესო კლიმატი, უამრავი კუნძული და საუცხოო სანაპირო
საბერძნეთს მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდობით დამსვენებლის კულტად აქცევს.
ტურიზმის მთავარი ცენტრი ქვეყანაში მისი დედაქალაქი ათენია. ის
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ეგალეოს, პარნიტის, პენდელისა და
ჰიმეტის მთების გარემოცვაში. ათენი საკმაოდ ქაოტურად არის ნაგები და სწორედ
ამიტომ საკმაოდ რთული ეკოლოგიური მდგომარეობა აქვს, თუმცა, ამის
მიუხედავად, მისი ისტორიული ძეგლები და მუზეუმები ტურისტებს საოცრად
იზიდავს.
ათენის ცენტრად აკროპოლისა და ლიკაბეტის (ლიკავიტოს) ბორცვები ითვლება.
სწორედ აქედან დაიწყო 6000-ზე მეტი წლის წინ ამ ქალაქის ისტორია. ათენის
აკროპოლი ძველი საბერძნეთის სიმბოლოა. აკროპოლის მარგალიტად კი პარფენონი
(ჩვ.წ.აღ.მდე მე-5 საუკუნე) ითვლება. ათენის პარფენონის ტაძარი უნიკალური
არქიტექტურული ქმნილებაა. ის ისეა პროექტირებული, რომ მისი მრავალფეროვანი
კოლონები და უცხო კონსტრუქცია ამ უზარმაზარ შენობას საოცარ სიმარტივესა და
პროპორციულობას სძენს.

პართენონის
სიახლოვეს მდებარეობს ათენელებისთვის უძველესი სალოცავი ადგილი, კლასიკური
ტაძარი ერექტეიონი (ჩვ.წ.აღ.მდე 421-407 წ.). ის აგებულია სამეფო კარის
ტერიტორიაზე. თუ ათენში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ პატარა (8,27 X 5,44
მ.), მაგრამ თვალწარმტაც ნიკე აპტეროსის (გამარჯვების სიმბოლო, ჩვ.წ.აღ.მდე
მე-5 საუკუნე) ტაძარს. ის კლდის გამოწეულ ფერდობზე, მარმარილოს კიბის
მარჯვენა ნაწილში მდებარეობს. სწორედ მის შიგნით, ძველ დროში გამარჯვების
ქალღმერთის, ნიკეს ხის ქანდაკება იდგა. მას ძველმა ბერძნებმა ფრთები
მოკვეთეს, რათა ათენს გამარჯვება არ მოჰკლებოდა.

ქალაქის
ცენტრალური ნაწილი ომონიას (თანხმობა), სინტაგმასა (კონსტიტუცია) და
მონასტირაკის მოედნების სამკუთხედს წარმოადგენს. დასახელებულთაგან, ეს
უკანასკნელი, ყველაზე ხალხმრავალი ნაწილია, სადაც თავს ტურისტები და
ბიზნესმენები იყრიან. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ უყურადღებოდ
ანტიკური სტადიონის (ჩვ.წ.აღ.მდე 330 წ.) ტერიტორია. ეს არის 60 000
ადგილიანი სტადიონი, სადაც 1896 წელს ჩვენი დროის პირველი ოლიმპიური
თამაშები ჩატარდა. ათენის ანტიკურ ტაძრებს შორის ყველაზე ლამაზია ჰეტესი,
რომელსაც სხვაგვარად ტისიოს უწოდებენ. ტურისტებისთვის ასევე საინტერესო
იქნება ნაციონალური აკადემიის, ათენის უნივერსიტეტისა და ნაციონალური
ბიბლიოთეკის შენობა პანეპისტიმიუს ქუჩაზე.

საბერძნეთის
სამხრეთით მდებარეობს მთაგორიანი ნახევარკუნძული პელოპონესი, რომელიც
ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთ ცენტრად გვევლინება. ის არის ბევრი მითის
„სამშობლო“ და თანამედროვე კულტურული რაიონი.
ასევე აუცილებლად ნახეთ ძველი კორიფი აპოლონის ტაძრის, (ჩვ.წ.აღ.მდე
მე-6 საუკუნე), ასევე ლაკედემონის (სპარტა) ნანგრევები, ათენის ტაძარი
(ჩვ.წ.აღ.მდე მე-6 საუკუნე) და ა.შ.

ძველბერძნული
ქალაქი ოლიმპია პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს
ადგილი ოლიმპიური ზევსის ოლიმპიური თამაშების სამშობლოა. ოლიმპიის არსებობა
უძველეს დროში იღებს სათავეს. ადამიანის პირველი ნაკვალევი იქ ჩვ.წ.აღ.მდე
მე-3 ათასწლეულს მიეკუთვნება, ხოლო უძველესი არქიტექტურული ძეგლები
ჩვ.წ.აღ.მდე მე-2 ათასწლეულს.
საბერძნეთის ყველაზე მსხვილი და ნაყოფიერი რაიონია მაკედონია. სწორედ აქ
დაიბადა და განვითარდა ცნობილი, უძველესი მაკედონია. გარდა ამისა, ამ
ტერიტორიაზეა თავმოყრილი მსოფლიო დონის არქეოლოგიური ძეგლები: ოლინტოსი,
დიონი, ვერგინა, პელა, ო. ტასოსი და პლატანი.

ქვეყანაში
სიდიდით მეორე ქალაქია სალონიკი, მაკედონიის დედაქალაქი. ის ჩვენს ერამდე
315 წელს დაარსდა და სახელი ფესალონიკის, ალექსანდრე მაკედონელის დის
პატივსაცემად დაერქვა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე,
სალონიკი ბევრი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, ის მაკედონიის დიდებისა და
რომის ძალაუფლების, კელტებისა და მონღოლების თავდასხმების მომსწრეა.

სალონიკში
ჩვენს დრომდე შემორჩენილია ტრიუმფალური თაღი გალერეა (კამარა, ჩვენს
ერამდე 300 წელი), ტრიბუნებიანი თეატრი და რომაული ვილების მოზაიკის
იატაკები, უძველესი კავიროს ტაძრის ტერიტორიაზე აგებული რომაული როტონდა,
რომელიც შემდგომ წმ. გიორგის ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა (ჩვენს ერამდე
მე-4 საუკუნე), ქალაქის მფარველის წმინდა დიმიტრის ბაზილიკა (ჩვენს ერამდე
მე-5 საუკუნე, ხელმეორედ აშენდა 1949 წელს), არქიროპიიტოსის ტაძარი
(ხელთუქმნელი, V-VI საუკუნეები), წმინდა სოფიას გუმბათოვანი ბაზილიკა
(V-VIII საუკუნეები), ილია პროფიტისის (1360 წ.), წმინდა ეკატერინეს (მე-13
საუკუნე), წმინდა მოციქულების (მე-14 საუკუნე) ტაძრები, ასევე ჰეფესტის
ტაძრის ადგილზე აგებული ქალკედონის ტაძარი (ჩვენს ერამდე მე-5 საუკუნე) და
ა.შ. სალონიკის სიმბოლოდ ითვლება ლეფკოს პირგოსი (თეთრი კოშკი), ძველი
თურქული ციხე, რომელსაც სხვაგვარად „სისხლიან კოშკსაც“ უწოდებდნენ.
დღეისათვის სალონიკი საბერძნეთის მსხვილი სამრეწველო და ფინანსური ცენტრია.
ეს არის ადგილი, სადაც უმსხვილესი საერთაშორისო ბაზრობები იმართება.
სალონიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც ტერმაიკოსა და პარალიას ყურეა,
ასევე კასანდრიას (კასანფა) ნახევარკუნძულზე, სიტონიასა და აფონზე უამრავი
ლამაზი საკურორტო ადგილია, მათ შორის: სანი, აფიტოსი, ნიკიტი, სიტონია,
კალიტეა, ლიტოხორო, ნეოს მარმარას, პორტო კუფო და ა.შ.

ეგეოსის
ზღვის სამხრეთით მდებარეობს საბერძნეთის უდიდესი კუნძული კრეტა (8,3 ათასი
ვ.კმ). ეს ის ადგილია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ძველი საბერძნეთის
კულტურაზე. კუნძულზე, რომელიც ცნობილია ლეგენდარული მითებით, დაიბადა
ზევსი. მის ჩრდილოეთ სანაპიროზე საბერძნეთის საუკეთესო პლაჟებია მოწყობილი,
ხოლო ცენტრალურ მთიან რაიონებში, დაახლოებით, 3000 გამოქვაბული, ღრმა
კანიონები და ნაყოფიერი მინდვრებია.
სანტორინი-ევროპაში ერთადერთი ვულკანური კუნძულია, რომელთანაც
ატლანტიდაზე ბევრი ლეგენდაა დაკავშირებული. კუნძულის დედაქალაქია ფირა,
რომელიც ისეთი ვულკანის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, საიდანაც კვამლი
ჯერ კიდევ იფრქვევა. აუცილებლად მოინახულეთ აპოლონის ტაძრის შთამბეჭდავი
ალაყაფი, აკროტირის ნახევარკუნძული და ა.შ.
ტინოსის კუნძული წმინდა
მარიამის საღმრთოდ ითვლება. ყოველწლიურად, აგვისტოში აქ უამრავი მორწმუნე
იყრის თავს. ასევე საინტერესოა სკიროსის კუნძული თავისი ლიკომედიც სასახლის
ნანგრევებით. „ყველაზე ბერძნული კუნძული“ სიროსი და მილოსი, ცნობილია
თავისი კატაკომბებითა და პაპაფრანგას გამოქვაბულით. ამორგოსი თავისი
ღვთისმშობლის გამოცხადების ტაძრითა და სასწაულმოქმედი ხატით.
ტურისტებისთვის ასევე საინტერესო იქნება ყველაზე დიდი და ამასთანავე
ფერწერული კუნძული კიკლად-ნაკსოსი.

ეგეოსის
ზღვის მრავალი კუნძული ათვისებულია ტურისტების მიერ. აღსანიშნავია, რომ ეს
ტერიტორია არამარტო კულტურული ძეგლებით არის ცნობილი, არამედ უხვად არის
დაჯილდოვებული ბუნების მიერ. საკმაოდ ცნობილია ლესბოსი (მიტილინი), რომელიც
განთქმულია ზეთისხილის პლანტაციებით, ასევე ევროპაში ყველაზე ცხელი
მინერალური წყაროებით, ე.წ. „გაქვავებული ტყით“, ერესუს რაიონში.
ასე რომ, თუ თქვენ გაინტერესებთ უძველესი კულტურა და ცივილიზაცია,
მოგწონთ ლამაზი ბუნება და თვალწარმტაცი სანახაობები, მაშინ აუცილებლად
გაემგზავრეთ საბერძნეთში, სადაც საუცხოოდ არის შერწყმული უძველესი კულტურა
და თანამედროვეობა.
http://www.davisvenot.ge/?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=1367
No comments:
Post a Comment